Wednesday, March 27, 2013

მარგალიტი, ფირუზი, ქარვა ანუ ცრემლი ავტორი: ქეთევან კუპატაძე „პაწაწა ვარ, ობოლი. ბედმა დამიბრიყვა: ცუდ დროს დავობლდი; ტანზედ მაცვია პატარა, მოკლებეწვიანი, თეთრის თვლებით მოწინწკლული თხელი ქათიბი. ჯერ რქები და კბილები არ ამომსვლია, ჩლიქებიც არ გამმაგრებია. ... მას აქეთ ცოცხალმკვდარი ვარ; ვტირი და ეს არის ჩემი ნუგეში; დავდივარ და შევსტირი ხეებს, მთასა და კლდეებს, დავსტირი წყალსა და ბალახს, მაგრამ ჩემთვის დედა არა ჩნდება, დედაჩემს ვეღარა ვხედავ, ვარ ობოლი და, ვინ იცის ვინ დამეპატრონება, ვინ შეიღებავს ჩემის სისხლით ხელებს?!" იცანით ალბათ „შვლის ნუკრის ნაამბობია". პირველად დედამ წამიკითხა და მახსოვს მთელი დღე ვტიროდი. მეორე დღეს წაკითხვა კვლავ ვთხოვე, გულის სიღრმეში იმედი მქონდა, მეორე მცდელობაზე ნუკრის ამბავი სხვანაირად დასრულდებოდა. არ გამიმართლა... ფინალი იგივე იყო. თურმე უარესად ავღრიალდი, ალბათ უფრო წყენისგან, ბოლო იმედი რომ დამემსხვრა. გერმანელმა სოციოლოგებმა გამოკითხვა ჩაატარეს, რომლის თანახმადაც ქალების 71% და კაცების 40% ფილმების, სპექტაკლების ყურებისას, მუსიკის მოსმენისას, წიგნის კითხვისას ცრემლებს ვერ იკავებენ. მათ ნაწილს ამის აღიარების ეთაკილება. ეტყობა, მეც იმ 71%-ის რიგებში ვარ, ოღონდ არ შემრცხვება და ხმამაღლა ვიტყვი, რომ ეხლაც ვწერ და თვალები ცრემლით მაქვს სავსე. რა ვქნა, შვლის ნუკრი ძველებურად მიყვარს და მეცოდება. ფოლკლორსა და ლეგენდებში ცრემლს მარგალიტებს ადარებენ. ზღაპრებში - ფირუზს, ძველ ლიტვურ სიმღერებში კი- ქარვას. შოტლანდიის სანაპიროსთან მორუხო-მომწვანო ქვებით მოფენილი პატარა კუნძულია. ამ ქვებს „ქალ-თევზას ცრემლებს" უწოდებენ. ეს სახელი ძალიან ლამაზი VI საუკუნის ლეგენდიდან მოდის, რომელიც ქალ-თევზასა და რაინდის სიყვარულს ეხება. ისინი ერთმანეთს ყოველ დღე ხვდებოდნენ და იქვე მონასტერში ლოცულობდნენ. რაინდმა ქალ-თევზას ლოცვები ასწავლა და ისიც ღმერთს თავისი სულისთვის ევედრებოდა. რაინდი კი ღმერთს სთხოვდა, მისი რჩეულისთვის ზღვის დატოვების უფლება მიეცა. თუმცა, ზღვამ ის არ გაუშვა და სანახევროდ ქალი, სანახევროდ თევზი იძულებული გახდა სამუდამოდ მოშორებოდა სატრფოს და შოტლანდიის ნაპირებს. თუმცა, მანამდე ბევრი იტირა, რადგან წინ დიდი გზა ედო და ოდნავ მაინც სჭირდებოდა დამშვიდება, მისი ცრემლები კი ულამაზეს ქვებად გადაიქცნენ. დაფიქრებულხართ კი, რატომ გვამშვიდებს ტირილი? აღმოჩნდა, რომ დამშვიდება ემოციურ განტვირთვას კი არ მოაქვს, როგორც აქამდე ფიქრობდნენ, არამედ ცრემლის ქიმიურ შემადგენლობას. ცრემლს საცრემლე ჯირკვალი გამოიმუშავებს და მას დამცველობითი ფუნქცია აქვს. ჩვენს თვალებს სიმშრალისგან იცავს. კონიუქტივის ზედაპირს და რქოვანას მუდმივად ასველებს და მათ ოპტიკურ ფუნქციას აუმჯობესებს. ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევის თანახმად, ჩვენს ცრემლს რთული შედგენილობა აქვს. მცირე რაოდენობით ლორწოს, ცილა მუცინის ფენას შეიცავს, რომელიც თავის მხრივ წყლის ფენითაა დაფარული, ყველაზე ზედა შრე კი ზეთისებრ ნივთიერებას წარმოადგენს, რომელიც ლიპიდების და ცხიმების წარმოებულთა ნარევს შეადგენს. წყლიან ფენაში მიკროელემენტებია გახსნილი- ნატრიუმის, ქლორის, კალციუმის იონები. სწორედ ეს აძლევს ცრემლს დამახასიათებელ მლაშე გემოს (თუმცა, მაგ. ხახვის დაჭრით გამოწვეული ცრემლები ნაკლებ მარილიანი ყოფილა). ამ ფენაშივეა ისეთი მნიშვნელოვანი ცილები, როგორიცაა ალბუმინები, ლიზოციმი, იმუნოგლობულინი A. სწორედ მათი დამსახურებაა ცრემლის ანტიმიკრობული თვისებები. იმუნოგლობულინ A-ს შემდეგ, ყველაზე მძლავრი ანტიბაქტერიული თვისებები ცილა ლიზოციმს ახასიათებს. 5-10 წუთის განმავლობაში ბაქტერიების 95%-ს ანადგურებს. სხვათა შორის, ლიზოციმი თავის ქმედებას ცხვირხახაშიც განაგრძობს და ცრემლის იქ მოხვდრისას ბაქტერიებს სპობს. შეიძლება ამიტომაც, აღმოსავლურ ლეგენდებში აღწერილია, თუ როგორ აგროვებენ ქალები ცრემლს, შეურევენ ვარდის ფურცლებით სავსე წყალში და იყენებენ ჭრილობების სამკურნალოდ. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ცრემლის შემადგენლობაში შედის ნივთიერება ოლეამიდი, რომელიც ადრე მხოლოდ ცენტრალური ნერვული სისტემის და თავის ტვინის უჯრედებში იყო აღმოჩენილი. ცრემლში მისი კონცენტრაცია უშუალოდ ტირილის დროს იმატებს. თუმცა, რა ფუნქციას ასრულებს მხედველობისთვის, ჯერ დაზუსტებული არ არის. ზოგიერთი ფიქრობს, მისი მეშვეობით ტირილის დროს მავნე ნივთიერებები ტოვებენ ორგანიზმს. ესენი პირველ რიგში, სტრესის ჰორმონებია. თითოეული ფენის ე.წ. ფუნდამენტს მუცინებისგან შემდგარი ლორწოვანი ქვედა ფენა წარმოადგენს. ნორმალური დატვირთვის შემთხვევაში ჯანმრთელ თვალს დღე-ღამეში 0,5-1მლ ცრემლი სჭირდება. რა სჭირდებათ მათ, ვის თვალებსაც არანორმალური დატვირთვა აქვს. აქ 21-ე საუკუნის ადამიანი იგულისხმება, რომელსაც კომპიუტერში ჩაურგავს თავი და ფაქტიურად საცხოვრებლადაც ვირტუალურ სამყაროში გადაბარგებულა. მათ შეიძლება „მშრალი თვალის" სინდრომი შეიძინონ. ამ დროს, ცრემლის გამომუშავება შეფერხებულია, რამაც ძალიან მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს, ისეთი, როგორიცაა რქოვანას დარბილება და ა.შ. ამიტომ, თანამედროვე ადამიანს ოფთალმოლოგები ხელოვნური ცრემლის გამოყენებას ურჩევენ, რომელიც შემადგენლობის მიხედვით ბუნებრივი ცრემლის იდენტურია. ისიც უნდა ითქვას, რომ ხელოვნური ცრემლი წამალი არ არის, მხოლოდ თვალის ფუნქციის შესანარჩუნებელი დამხმარე საშუალებაა. ზოგიერთი მათგანი მხედველობისთვის აუცილებელი ვიტამინებითაც არის გამდიდრებული. ცრემლის გამოყოფის ინტენსივობა ასაკზეც ყოფილა დამოკიდებული. 55 წლიდან მისი წარმოქმნა და გამოყოფა 20%-ით მცირდება. ასაკზე გამახსენდა, აბა თუ მიხვდებით, ვინ არის მზად იტიროს ნებისმიერ დროს? სწორი ბრძანდებით, ჩვილები. მათ ლაპარაკი არ შეუძლიათ და თავიანთ უფლებებს სწორედ ტირილით იცავენ. ოღონდ უცრემლოდ ტირიან. მათი საცრემლე ჯირკვალი იმდენად მცირე რაოდენობის ცრემლს გამოიმუშავებს, რომ ის მხოლოდ თვალის დანამვისა და ინფექციისგან დაცვისთვისაა საკმარისი. ადამიანის ცრემლს სამ კატეგორიად ყოფენ. ბაზალური, რეფლექტორული და ემოციური. ისინი ქიმიური შემადგენლობით მცირედ, მაგრამ მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ბაზალური ცრემლი მუდმივად გამოიყოფა და თვალის რქოვანას დასველებას ემსახურება. ასევე თვალს მტვრისა და ბაქტერიებისგან იცავს. რეფლექტორული ცრემლი- ორგანიზმის რეაქციაა გაღიზიანებაზე, მაგ. თვალში უცხო სხეულის მოხვედრაზე, ან ხახვის დაჭრის შედეგად გაღიზიანებაზე. ემოციური ცრემლი, ემოციების დროს გამოიყოფა, როდესაც რაიმე ან გვიხარია ან გვწყინს. ზემოთ, ჩემს მიერ აღწერილი ქიმიური შედგენილობა ზუსტად ცრემლის ამ მესამე კატეგორიას შეესაბამება. აქვე ქალბატონებს ერთი გაფრთხილებაც მინდა მივცე, რადგან ტირილს ერთი უკუჩვენება აქვს. ამ პროცესში სახის 43 კუნთი მონაწილეობს, სიცილში მხოლოდ-17. გამოდის რომ, გადამეტებული ტირილი ნაოჭებს ტოვებს საჩუქრად. ზემოთ სოციალურ გამოკითხვაზე დავწერე და კვლავ მსურს თემა გავაგრძელო. თუ იცით, რომ საფრანგეთში სრულიად უმიზეზოდ ტირის ქალების 74% და კაცების 20% (თუმცა, ეს უკანასკნელნი ამას მხოლოდ ანონიმური გამოკითხვისას აღიარებენ). ტკივილსგან ტირის ქალების 36% და კაცების 25%. სიყვარულისგან- ქალების 41% და კაცების 22%. ის რომ კაცები ნაკლებად ტირიან, ვიცი არ დამიჯერებთ, მაგრამ ქიმიაზეა დამოკიდებული, უფრო სწორედ ბიოქიმიაზე. სუსტი სქესი უფრო მტირალა სისხლში ჰორმონ პროლაქტინის შემცველობის გამო ყოფილა. კაცებს კი ცრემლების ყლაპვაში ხელს ჰორმონი ტესტოსტერონი უშლის. ამ წერილს ვწერ და რაღაც დარდი შემომაწვა. ვდგები და „ხმელ წიფელს" ვფურცლავ. არა, არ მრცხვენია მე ჩემი ცრემლების. განა ყველა, რაც ხმელია, კაცისგან საწუნარია?! ათასს ცოცხალსა ბევრჯელა ათჯერ ჯობს ერთი მკვდარია. შენის დანახვით, ტიალო, გულს დარდი მაწევს ცხარია, რაკი გხედავ, რო ბეჩავად და უპატრონოდ ხარია,- თითქოს დაჰკრესო განგაში, სამგლოვიარო ზარია. მინდა, რომ დიდხანს ნახარში და გულში ნადუღარია გაგიზიარო ვარამი, მდიოდეს ცრემლის ღვარია... მოკლედ, ცრემლი თვალისთვის სასარგებლოა. ჩინელმა მეცნიერებმა ისიც გამოიკვლიეს, რომ ტირილი არა მხოლოდ მხედველობას აუმჯობესებს, არამედ სიცოცხლის ხანგრძლივობასაც ზრდის. შეიძლება ამიტომაც ქალბატონები, რომლებიც კაცებთან შედარებით ტირილს, ნებით თუ უნებლიეთ, უფრო ხშირად მიმართავენ, ცოტათი უფრო დიდხანს ცოცხლობენ და ეს დამტკიცებული ფაქტია. მაშ, მოდით ვიტიროთ, ბევრი ვიტიროთ... ოღონდ სიხარულისგან...

No comments:

Post a Comment